Ежик в тумане, ანუ თბილისის ზოოპარკი მეგაპოლისის ნისლში

Ежик в тумане, ანუ თბილისის ზოოპარკი მეგაპოლისის ნისლში 

„Зоопарк: лучшее место для изучения обычаев человеческих особей“

Эван Эсар

ნახევრად ამოუცნობი სამყაროსაკენ ჩამავალი მასიური კიბის ორივე მხარეს, რუხ კვარცხლბეკზე დაკლაკნილი ორი პანტერა ზოოპარკის ბინადართა სიმშვიდეს იცავს (ან უნდა იცავდეს). ერთ კედელთან ბუშტებითა და სხვადასხვა ჭრელი სათამაშოთი დახუნძლული გამყიდველები საუბრობენ, მეორესთან – ხელებაკაპიწებული შუა ხნის კაცი ვირტუოზულად ატრიალებს ქაღალდის ჯოხს და რუტინული სიდინჯით ართავს ბამბის ნაყინს, ცალი თვალით კი პოტენციურ მყიდველს ათვალიერებს. სალაროსთან რიგი არ არის. იმედგაცრუებულები იმით, რომ მოლარეს ვერაფრის დიდებით ვერ ვათქმევინეთ, საშუალოდ რამდენ ბილეთს ჰყიდის დღის მანძილზე, ორ-ორი ლარით დავიმჩატეთ სტუდენტური ჯიბეები,  გავიარეთ კონტროლი და შევაბიჯეთ ასიმილირებულ ცხოველთა სამყაროში.

ვიღაცამ თქვა, რომ ზოოპარკი საზოგადოების სახეა. თუ ეს სიმართლეა, თბილისის ზოოპარკი განსაკუთრებულად კარგად არ უნდა ახასიათებდეს საქართველოს საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს და მით უფრო მის ადმინისტრაციას. ცივ გალიებს შორის მონაცრისფრო ბილიკებზე მცირე ხნით გასეირნებაც საკმარისია იმისათვის, რათა იგრძნო ირგვლივ გამეფებული დაუდევრობა, როგორც მინიმუმ არაგულისხმიერი დამოკიდებულება (ისეთი, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს ახასიათებთ ყველაფრისადმი, რაც მათი საცხოვრებლის ზღურბლს მიღმაა). მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოა და თბილისი აქა-იქ ყვავის, გაზაფხული ზოოპარკის 9 ჰექტარს, ესტაკადასა და ახალ მაგისტრალს მიღმა დარჩა. შეიძლება ეს არასაკმარისი – სამ მილიონიანი  დაფინანსების ბრალი  იყოს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ მიზეზები სხვაგან უნდა ვეძიოთ. მით უმეტეს, რომ ზოოპარკს შემოსავლის სხვა წყაროებიც გააჩნია – ვეტერინარული კლინიკის, მრავალრიცხოვანი ატრაქციონების, გასართობი კუთხეებისა და მცირე ჯიხურების არენდის საფასურის სახით. გარდა ამისა, რეალური ბიუჯეტის დაანგარიშებისას გასათვალისწინებელია ბილეთების  ფასიც. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს თანამშრომელთა ენთუზიაზმის ნაკლებობა. ვინაიდან უკანასკნელის სტიმულირებას ემსახურება ხელფასი, გადავწყვიტეთ დაგვედგინა თანამშრომელთა საშუალო შემოსავალი და ახალი ვოლიერის მშენებლობით დაკავებულ რამდენიმე მამაკაცს მივაშურეთ. როგორც აღმოჩნდა, ეს თემაც ტაბუირებული იყო. რამდენიმე წუთიანი ცხარე დისკუსიისა და თხოვნის შემდეგ, ინტერვიუზე უარი გვითხრეს, თუმცა „კულტურულად“ მიგვანიშნეს, რომ არ არის სწორი დიამეტრულად განსხვავებული ხელფასების საშუალო არითმეტიკულით საშუალო ხელფასის დადგენა. ჩვენ, როგორც მიხვედრილი ახალგაზრდები, დავჯერდით დიპლომატიურ პასუხს და განვაგრძეთ ვოიაჟი, თუმცა მას შემდეგ, რაც თანამშრომლებში მსგავსი განწყობა და სიფრთხილე შევამჩნიე, არასასიამოვნო განცდა დამეუფლა.

მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია გავკიცხე, დამშვიდებული სინდისით შემიძლია გადავიდე დამთვალიერებლების კრიტიკაზე.  ის, რომ ჩვენთან მოქალაქეები სახელმწიფოს ქონების მიმართ განსაკუთრებული ლოიალურობით არ გამოირჩევიან, ქუჩებსა და სკვერებშიც ჩანს (ასე მარტივი მიზეზის გამო ხდება – მათ არ აქვთ გააზრებული, რომ ეს ქონება მათივე საკუთრებაა). გამონაკლისი არც ზოოპარკია. მიუხედავად, იმისა, რომ მის დასუფთავების სამსახურს ცუდ მუშაობაში ვერ დავადანაშაულებ, დამაკმაყოფილებელ სისუფთავეზე საუბარი რთულია. ვფიქრობ, ესეც დამთვალიერებლების უწესო ქცევით აიხსნება. როგორც მოსალოდნელი იყო, გარდა ზემოთ აღნიშნულისა “ადამიანებმა ასევე არ იციან, როგორ მოიქცნენ ცხოველებთან, ზოგმა არ იცის რომ არ უნდა ესროლოს ცხოველს ქვები, ჯოხები , არ დაარტყას ფეხი ვოლიერს“. ალბათ, ევან ესარს სწორედ ასეთ ზოოპარკში მოუვიდა თავში შემდეგი ფრაზა: „ადამიანთა წარმომადგენლების შესწავლის საუკეთესო ადგილი – ზოოლოგიური ბაღია“.

თბილისის ზოოპარკის ბედით დაინტერესებულთათვის ისიც უნდა იყოს ცნობილი, რომ მისი ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში – ლისის ტბის მიდამოებში გადატანა იგეგმებოდა, თუმცა, ეს იდეა ამ ეტაპზე ისეთივე ბუნდოვანია, როგორც მტვრითა და გამონაბოლქვით გაჯერებული აქაური ჰაერი. მანამდე კი ცხოველები გააგრძელებენ არსებობას ზოოპარკში, რომლის ჭიშკარს მიღმა გაზაფხულია.

ავტორი: A S T U

~ by A S T U on November 1, 2013.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: